მიმდინარე თვეში SpaceX-მა ორბიტაზე წარმატებით გაუშვა და უკან დააბრუნა პირველი სამოქალაქო ეკიპაჟი მისია Inspiration4-ის ფარგლებში. კოსმოსური ხომალდის ბორტზე მცირე სირთულეების მიუხედავად მისიამ უპრობლემოდ ჩაიარა. მისი დასრულების შემდეგ SpaceX-მა აღნიშნა სამოქალაქო კოსმოსური ფრენებისადმი ინტერესის გაზრდა.
გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით SpaceX-მა გადაწყვიტა განიხილოს ხომალდ Crew Dragon-ის რაოდენობის გაზრდა, რომლებიც საჭირო იქნება როგორც სამოქალაქო კოსმოსური ტურისტების, ასევე პროფესიონალი ასტრონავტების გადასაყვანად საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ და უკან დასაბრუნებლად. NASA-სთან არსებული კონტრაქტის თანახმად გათვალისწინებულია კიდევ ოთხი პილოტირებული ფრენა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით. SpaceX-ს დაგეგმილი აქვს კიდევ ოთხი მისია კომპანია Axiom Space-ისთვის, რომელთა ფარგლებში სკს-ზე კოსმოსური ტურისტები გაემგზავრებიან.
SpaceX-ს აქვს მესამე კონტრაქტიც კომპანია Space Adventures-თან, რომელიც სპეციალიზებულია კოსმოსურ ტურიზმზე. ამ კონტრაქტის მიხედვით დაგეგმილია კიდევ ერთი მისია, რომლის თანახმად ტურისტები გაფრინდებიან ორბიტაზე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაყვანის გარეშე – მისია Inspiration4-ის ანალოგიურად. ორბიტაზე ხალხის გაყვანის პარალელურად SpaceX-ს კონტრაქტი აქვს NASA-სთან, რომელიც ითვალისწინებს სკს-ზე ტვირთის წაღებას და უკან დაბრუნებას.
ამგვარი დატვირთულობის გათვალისწინებით უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად SpaceX-ის განკარგულებაშია ხომალდ Crew Dragon-ის შეზღუდული რაოდენობა, რომელთაგან თითოეული სერტიფიცირებულია მხოლოდ ხუთ ფრენაზე. თანაც ორი მათგანი კოსმოსში უკვე ორჯერ იყო გასული. SpaceX-ის კაფსულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში დამატებითი ხომალდები აიწყობა.
SpaceX-ის განცხადების თანახმად მისია Inspirationiton4-ის წარმატებით დასრულების შემდეგ გაჩნდა უზარმაზარი ინტერესი კერძო კოსმოსური მოგზაურობის მიმართ. ამჟამად კომპანია მუშაობს ხომალდ Starship-ზე, რომელიც ორბიტაზე ჯერ არ გაფრენილა. Starship უფრო დიდი ხომალდია Dragon-თან შედარებით და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შეძლებს ორბიტაზე გაიყვანოს ეკიპაჟის მეტი წევრი და მეტი ტვირთი. ამჟამად პროექტზე მუშაობის დასრულების ვადა უცნობია.
overclockers.ge